ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. 1810-1917 წლებში ქუთაისი რუსეთის იმპერიაში შედიოდა.

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

 

   
   
   
   

 
(0431) 24 23 28